მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები დიმიტრი შევარდნაძე ბიოგრაფია
ბიოგრაფია
დიმიტრი შევარდნაძე (1885 – 1937) 

ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, რესტავრატორი, საქართველოში სამუზეუმო საქმის ფუძემდებელი, 1920-30-იანი წლების საქართველოს კულტურული ცხოვრების მოთავე და მონაწილე.

დაიბადა 1885 წელს საქართველოში, სოფ. ბახვში. 1906-1914 წლებში იმყოფება მიუნხენში, სწავლობს სამხატვრო აკადემიაში და მუშაობს. იქ ყალიბდება მისი მხატვრული პროფესიონალიზმი.

დ. შევარდნაძე განსაკუთრებული ფიგურაა ქართულ მოდერნიზმში; იგია ის ინიციატორი, რომელმაც შესძლო 1918 წლისთვის, ანუ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების დროისთვის, თანამედროვე ქართული ხელოვნების ინსტიტუციონალიზაციის დაწყება:

1916 წელს მიუნხენიდან დაბრუნებისთანავე, აარსებს “ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას;”

1920 აარსებს საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეას და ხდება მისი პირველი დირექტორი.

ხსნის ეროვნული გალერეის პირველ დიდ ექსპოზიციას, რომელიც მოიცას მისივე ძალისხმევით შეგროვილ დასავლურ ევროპული, აღმოსავლური ხელოვნებისა და ქართული ხელოვნების განყოფილებებს. გალერეასთანვე აფუძნებს ბიბლიოთეკას.

1933 წელს მას ეროვნული გალერეა გადაჰყავს მეტეხის ციხეში და აქცევს მას პირველ ქართულ მუზეუმად, რომლის ბაზაზეც შემდგომში ფუძნდება საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. 

მისი ინიციატივით “ქართველ ხელოვანთა საზოგადოება” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების შესწავლასა და მოვლა-პატრონობას:

1916 წელსვე იგი ორგანიზებას უკეთებს ქართველ მხატვართა ექსპედიციებს ნაბახტევისა და დავით-გარეჯის მონასტრების ისტორიულ ძეგლებზე და უნიკალურ ფრესკებზე სამუშაოდ;

1917 წელს პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად აწყობს სამეცნიერო-სამხატვრო ექსპედიციას სამხრეთ საქართველოში, თორთუმ-ისპირის ხეობის ისტორიული ძეგლების შესასწავლად და ფრესკების პირების გადასაღებად.

1917 წელს ძმები ილია და კირილე ზდანევიჩების ხელშეწყობით საკუთარ ბინაში აწყობს ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას.

1918 წ ივ. ჯავახიშვილის დაკვეთით ასრულებს ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტისთვის ბეჭდისა და გერბის ესკიზებს, აგრეთვე ეროვნული ფულის ნიშნების, საფოსტო მარკების ესკიზებს.

1919 წელის აწყობს ქართველ და საქართველოში მოღვაწე მხატვართა საგაზახულო და საშემოდგომო გამოფენებს, რომლის საფუძველზეც -

1919 წელს მხატვარ-სტიპენდიანტთა პირველ ნაკადს ევროპაში აგზავნის სასწავლებლად.

1922 წელს მისი ძალისხმევისა და მონაწილეობის შედეგად იხსნება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.  

როგორც კინოს მხატვარი მონაწილეობს პირველი ქართული ფილმის “ქრისტინე”-ს გაფორმებაში; 1928 წელს მუშაობს რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის “ელისო” მხატვრულ გაფორმებაზე, 1930 წელს რეჟისორ ალ. წუწუნავას ფილმზე “ვინ არის დამნაშავე?” 1937 წელს მიიწვიეს ალ. პუშკინის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მხატვრული ფილმის “მოგზაურობა ერზრუმში” მხატვარ-კონსულტანტად. მასვე დაევალა თბილისის მხატვრული გაფორმება ამ დღეებთან დაკავშირებით.

მუშაობს თეატრის მხატვრობაში: კ. მარჯანიშვილის მიერ განახლებული საოპერო დადგმის “აბესალომ და ეთერი”-ის დეკორაციები და კოსტუმები (1924 წელი); კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის პირველი ქართული პანტონიმის “მზეთამზის” კოსტუმები, სცენის მხატვრობა კი ლადო გუდიაშვილისა (თბილისის აკადემიური თეატრის სახელმწიფო სტუდია, 1926 წელი); მელიტონ ბალანჩივაძის ოთხმოქმედებიანი ოპერის “თამარ ცბიერი” სცენის მხატვრობა და დიმიტრი არაყიშვილის ოპერის “შოთა რუსთაველი”-ს განახლებული დადგმისთვის კოსტუმების მხატვრობა.

1936 წელს, უკვე დაწყებული რეპრესიების პერიოდში დიმიტრი შევარდნაძე გაანთავისუფლეს “მეტეხის” მუზუმის დირექტორის მოვალეობიდან. “მე არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ არაფერში ბრალი არ მიმიძღვის” - ეს მისი სიტყვებია დაპატიმრებიდან ერთი წლით ადრე. მაგრამ რეალურად მთელი მისი მოღვაწეობა ანტისაბჭოური მიმართულებისა იყო, ეფუძნებოდა რა ქართული კულტურის მსახურებას.

1937 წელს, როდესაც ბერიას განკარგულებით უნდა აეფეთქებინათ მეტეხის ციხე და XII საუკუნის ტაძარი, იმ ადგილას კი შოთა რუსთაველის ძეგლი დაედგათ, დიმიტრი შევარდნაძემ გ. ჩუბინაშვილთან, ალ. ახმეტელთან და მ. ჯავახიშვილთან ერთად ბერიას კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია.

ძეგლი გადარჩა, მაგრამ 1937 წლის 10 ივნისს დიმიტრი შევარდნაძე დააპატიმრეს როგორც “ხალხის მტერი” და დახვრიტეს.