მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძებენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევა
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ილია ზდანევიჩი ბიოგრაფია
ბიოგრაფია
ილია ზდანევიჩი (1894-1975)
(რეჟი გეირო)

ზდანევიჩის ოჯახის წარმომავლობა
მამის მხრიდან ზდანევიჩების გვარი პოლონური წარმოშობისაა. წინაპრები გადაასახლეს კავკასიაში 1831 წლის რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ ვარშავის აჯანყების შემდეგ. ილიას ბაბუა, ანდრეი ზდანევიჩი, 1973 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის ფოსტაში მიმღების თანამდებობაზე. ილია ზდანევიჩს სახელი მეორე კავკასიელი პოლონელის - დიდი ბაბუის, ილია დლუჟანსკის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ერევნის გუბერნიის კანცელარიის უფროსად მუშაობდა და ანდრეი ზდანევიჩის მეუღლის მამა იყო.
დედის მხრიდან ოჯახი ქართული წარმომავლობისაა.ილიას დედა ვალენტინა ზემო იმერეთის გაღარიბებული თავადი იყო. მიუხედავად ამისა, უჩვეულოა, რომ დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ხელმოკლე, მაგრამ წარჩინებული გვარის მშობლებმა - მამა ლუკა გამრეკლიძემ და დედა ფიოლა გარდაფხაძემ შვილი მოჟნევსკებს ”მიჰყიდეს”. ვალენტინას მამობილი, კირილე მოჟნევსკი, დიდი ხნის წინ გარუსებული პოლონელი, ერევნის სასამართლოს უწყებაში შემავალი ნოვობაიაზეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე იყო. სწორედ მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი ილიას უფროს ძმას. ზდანევიჩები თბილისში ცხოვრობდნენ აგურის შესახვევში № 13-ში, რომელიც მოგვიანებით ბაქრაძის № 13-ად გადაკეთდა. ისინი ამ სახლის მეპატრონეები იყვნენ.

1894 წლის 20 აპრილი - ილია ზდანევიჩი დაიბადა თბილისში. ის ის თავის მშობლების - მიხეილ ზდანევიჩისა და ვალენტინა გამრეკლიძის  მეორე ვაჟია. მამამისი ფრანგულს ასწავლის თბილისი გიმნაზიაში. პიანისტი დედა კი პ.ი. ჩაიკოვსკის ყოფილი მოსწავლეა. დედა რამდენიმე წლის შემდეგ გახსნის კერძო საბავშვო სკოლას. საოცარი მეხსიერებით დაჯილდოებული ილია პატარაობიდანვე ავლენს ინტერესს ხელოვნების დარგების მიმართ, სიამოვნებით სწავლობს მუსიკას, ასევე გეოგრაფიასა და მათემატიკას. მისი ძმა, კირილე კი - ხატვას და, მოგვიანებით, მხატვარი ხდება.
1911 ხელოვანთათვის მუდამ გულღია ზდანევიჩების ოჯახი მასპინძლობს საფრანგეთიდან ჩამოსულ ბორის ლოპატინსკის, რომელმაც ჩამოიტანა მარინეტის პირველი ფუტურისტული მანიფესტები. ილია შედის სანკ-პეტერბურგის იურიდიულ ფაკულტეტზე. მხატვრების - ვიქტორ ბარტისა და მიხეილ ლე დანტიუს დახმარებით ის ავანგარდისტულ წრეებს უახლოვდება.
1912 ილია მოხსენებებს კითხულობს ფუტურიზმის შესახებ სანკ-პეტერბურგსა და მოსკოვში. მაისის მიწურულს ილია არდადეგებზე თბილისში ჩამოდის მხატვარ ლე დანტიუსა და თავის ძმა კირილესთან ერთად. ისინი ერთად აღმოაჩენენ  - ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს და იწყებენ მათ შეგროვებას. ზაფხულში მოგზაურობს კავკასიაში, რათა აღწეროს ქართული ეკლსიები. სანკ-პეტერბურგში ბრუნდება 11 სექტემბერს.
1913 წლის დასაწყისი - ფიროსმანაშვილთან შეხვედრის მიზნით კვლავ თბილისშია და მას იანვრის ბოლოს გოგოლის ქუჩის კუთხეში მიაგნებს. 26 იანვარს ის მხატვარს ჟურნალისტ ა.კანდტელს გააცნობს. ფიროსმანაშვილი ხატავს ილიაზდის პორტრეტს. ილიაზდი კი აქვეყნებს პირველ სტატიას მასზე (გაზეთი «Закавказская речь», 1913 წლის 10მარტი). მოსკოვში დაბრუნებული ის ლარიონოვთან ცხოვრობს და ელი ეგანბიურის ფსევდონიმით აქვეყნებს თავის პირველ ნაშრომს - ლარიონოვისა და გონჩაროვას ნამუშევართა სისტემატურ კატალოგს: ”ნატალი გონჩაროვა და მიშელ ლარიონოვი”. ნოემბერში აქვეყნებს სტატიებს, წერს ფუტურიზმის მანიფესტს  «всёчество», აცნობს სხვებს ”ტუტიზმის” იდეას ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში.
1914 მასპინძლობს მოსკოვში ჩასულ მარინეტის, აწყობს კონფერენციას ხელოვნების თემაზე, აგრძელებს სწავლას. თბილისში დაბრუნებული აქვეყნებს სტატიას ფიროსმანაშვილის შესახებ (თბილისის გაზეთი ”აღმოსავლეთი”, 1914 წლის 29 ივნისი, №1).
1914 წლის აგვისტოდან მთელი ომის განმავლობაში ის გაზეთ «Речь»-ის კორესპონდენტია კავკასიაში.
1916 “Manchester Guardian” - ის კორესპონდენტ გორდონ ფილიპ პრაისთან ერთად ცდილობს ქართული პრესის მეშვეობით ყურადღება გაამახვილოს რუსების მიერ გათავისუფლებული ლაზური რეგიონების მათ მიერვე დარბევაზე. ზაფხულში დალაშქრავს კავკასიის მთაგრეხილებს, შემდეგ კი წერს დასკვნით მოხსენებას გეოგრაფიის მოყვარულთა რუსული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრთათვის. ოქტომბრიდან დეკემბრამდე ცდილობს სანკ-პეტერბურგში დააარსოს სასწავლებელი: ”პირველი ბარდი, ახალგახრდა პოეტების სასწავლო უნივერსიტეტი”, ასრულებს წერას და სცენაზე დგამს თავის პირველ პიესას ”იანკო კრულ ალბანელი”. წლის ბოლოს თბილისში ჩამოსული აწყობს თავის კოლექციაში შემავალი ფიროსმანაშვილის 50 ტილოს ერთდღიან გამოფენას. 
1917 იღებს იურისტის დიპლომს, რევოლუციის მერე მუშაობს რედაქტორად სახელმწიფო სათათბიროში იმდროინდელი მთავრობის სამხედრო მინისტრის, ალექსანდრე კერენსკის აპარატში, რომელსაც მოგვიანებით ტოვებს. მარტში მონაწილეობს სახვითი ხელოვნების სამინისტროს პროექტის წინააღმდეგ ხელოვნების თავისუფლებისთვის მებრძოლ ლიტერატორთა და ხელოვანთა მოძრაობაში.
მაისში ბრუნდება თვილისში და პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების არქეოლოგიური ექსპედიციის წევრია სხვა ხელოვანებთან ერთად, რომელთა შორის არიან: ლადო გუდიაშვილი, დიტო შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, ალექსანდრე კალგინი. ექსპედიცია იმ ისტორიულ ქართულ მიწებზე ჩატარდა, რომელიც იმჟამად თურქეთს ეკუთვნოდა და რუსეთის არმიამ დაიპყრო. იგი აღნუსხავს ამ დრომდე ხელმიუწვდენელ ქართულ საეკლესიო ძეგლებს. ექსპედიციის წევრთა მიერ იქ გაკეთებული 150 ნახაზიდან 1/3  მისი შესრულებულია. ადგილობრივი მეგზურის დახმარებით მარტო ლაშქრავს კაჩკარის მთას (3939მ), ასევე მეზობლად მდებარე მთას, რომელსაც ომში დაღუპული თავის მეგობრის პატივსაცემად ”ლე დანტიუს მწვერვალს” უწოდებს. ის თბილისში შეგირდად მუშაობს ”კავკასიელი მბეჭდავების” კომპანიაში. ნოემბერში კრუჩიონიხთან, ტერენტიევთან და თავის ძმა - კირილესთან ერთად აარსებს ფუტურისტულ გაერთიანებას. ჯგუფის წევრები იკრიბებიან პატარა ”ფანტასტიკურ დუქანში”. სულ მალე კი მათ ჯგუფს - პოეზიის ახალ სასწავლებელს დაერქმევა ”უნივერსიტეტი 41˚”, სადაც იბადება ზაუმის პოეზია.
1918 თბილისშიც აქვეყნებს ”იანკო ალბანეთის მეფეს”, თავის პირველ ”დრა”-ს, რომელსაც ის თავად ადგენს და ბეჭდავს.”ფანტასტიკურ დუქანში” ატარებს კონფერენციების ციკლს ფუტურიზმზე.
1919 თბილისში აწყობს მხატვრების საღამოებს, კირილესა და გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენას, ატარებს კონფერენციებს, აარსებს 41˚-ის გამომცემლობას, რომელიც მისი სიცოხლის ბოლომდე არსებობს. ამავე დროს ადგენს და გამოსცემს ლექსების კრებულს. წლის დასაწყისში გამოსცემს «Остров Пасхи» (”აღდგომის კუნძული”), ”დრა” №3-ს. 14 ივლისს გამოდის 41˚-ის გაზეთის პირველი და უკანასკნელი ნომერი. პარიზში იმ დროს მყოფი ლადო გუდიაშვილის წერილიდან შეიტყობს დადაისტური მოძრაობის შესახებ. გამოდის ჯგუფ 41˚-ის კოლექტიური ნაშრომი - ”პატარა ფანტასტიკური დუქანი. ეძღვნება სოფია მელნიკოვას”. ილია მასში თავის მეორე ”დრა”-საც შეიტანს, ხოლო Асёл на прокат (”გასაქირავებელი ვირი”) დაიბეჭდება სექტემბერში. დეკემბერში მიემგზავრება ბათუმში,სადაც მუშაობს ახლო აღმოსავლეთის დასახმარებლად დაარსებულ ამერიკულ მისია “Near East Relief” - ში. 
1920 წლის სექტემბერი - აქვეყნებს Зга Якабы - ს (მეოთხე დრა). ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში გამოფენს 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ილიას  მონაწილეობით) მოძიებულ მასალას. ბათუმში ილია აწყობს მიღებას პოეტ მანდელშტამის პატივსაცემად. ზაფხულის მიწურულს საქართველოს მთავრობის ხელოვნების კომისია ილიას აძლევს სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გამგზავრების უფლებას. ოქტომბრის დასასრულს იგი ბათუმიდან კონსტანტინოპოლში მიემგზავრება, სადაც ერთი წელი შეყოვნდება საფრანგეთის ვიზის მოლოდინში. იქ შეხვდება თავის ძმას - კირილეს, რომელიც პარიზიდან ბრუნდება სასწავლო მივლინებიდან. 
1921 კონსტანტინოპოლში ილია წმნიდა სოფიისა და მისი მიმდებარე ტაძრების გეგმებს აკეთებს და სწავლობს თურქულს. ის კვლავ მუშაობს Near East Relief -თვის. ილიაზდი ვიზას 1921 წლის ოქრომბრის ბოლოსთვის იღებს და მიემგზავრება საფრანგეთში.

ილია ზდანევიჩი პარიზში
1921 წლის ოქტომბერი - პარიზში ჩასვლისას ილია ლარიონოვთან ცხოვრობს, რომელიც მას რუს ხელოვანებს გააცნობს. ის ამავე პერიოდში გაიცნობს პიკასოს, რობერტ და სონია დელონეებს, დადაისტებს, ატარებს კონფერენციების ციკლს, მონაწილეობს პოეზიის საღამოებში. პარიზის კაფე ”ქამელეონში” აღადგენს და დაამკვიდრებს ”უნივერსიტეტი 41˚-ს”.
1922 სონია დელონესთვის ქმნის მოხატულსა თუ დაბეჭდილ ქსოვილებს. მონაწილეობს პარიზში გამართულ ”რუს ხელოვანთა გაერთიანების” მეჯლისების ორგანიზებაში. ამავე დროს კვლავ ატარებს კონფერენციებს. აპრილში თავის საავტორო კონფერენციაზე (”ილიაზდი”) ის პირველად გამოიყენებს ფსევდონიმ ილიაზდ-ს, რომელსაც საბოლოოდ დაიტოვებს.ნოემბერში ჟურნალ Удар-ის გამომცემელ სერჟ რომოვთან ერთად მაიაკოვსკის პატივსაცემად აწყობს ბანკეტს. საღამოს დასასრულს დაარსდდება ავანგარდისტ ხელოვანთა ჯგუფი Через. 26 ნოემბერს ის ატარებს კონფერენციას სახელწოდებით ”კონფერენცია რუსული დადაიზმის შესახებ”, უახლოვდება ტრისტან ტზარასა და პოლ ელუარს. 2 დეკემბერს მიემგზავრება ბერლინში პაიაკოვსკისა და იქ მცხოვრებ ხელოვანებთან შესახვედრად. წერს რომანს Парижачьи (პარიზელები), რომელსაც არ გამოაქვეყნებს. 
1923 ბერლინიდან დაბრუნებული ილიაზდი წერს მოთხრობას - ”ბერლინი დამისი ლიტერატურული სიყალბე”, აგრძელებს კონფერენციათა ციკლების, მეჯლისებისა და საღამოების ორგანიზებას. 6 ივლისს ტრისტან ტზარას პატივსაცემად აწყობს ”წვერიანი გულის საღამოს” თეატრ ”მიშელში”. ეს საღამო საერთო ჩხუბით დასრულდება, რისი მიზეზიც ტზარასა და ელუარს შორის გაჩენილი უთანხმოება იყო იმის დასადგენად, მიიღებდა თუ არა კოკტო ამ საღამოში მონაწილეობას. ამ საღამოსვე დასრულდა დადას მოძრაობა. ოქტომბერში გამოქვეყნდა Лидантю Фарам - მეხუთე დრა, რომელიც მისი ზაუმით დაწერილი ნაწარმოებების მწვერვალია. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის დადაისტ რიბემონ დესენს.
1924 წლის 11 ივლისი - ილიაზდის მიერ ორგანიზებული ”ოლიმპიური მეჯლისი” რელიეფური ლექსებით გააფორმეს ილიაზდმა და დავით კაკაბაძემ. იგი მუშაობას იწყებს თარჯიმნად სსრკ-ს საელჩოში და სწორედ ამ დროს შეეკამათება ანდრე ბრეტონს რუსულ ფუნქციონალიზმთან დაკავშირებით.
1925 დეკორატიული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის რუსულ პავილიონზე ილიაზდი წარმოადგენს Лидантю Фарам - ის ილუსტრაციებს. ის დაწერს: ”ფუტურიზმი სსრკ-ში ჯერ კიდევ ოფიციალური ხელოვნებაა, მაგრამ არცთუ დიდი ხნით. ის ამ პერიოდში თავს ანებებს ყველანაირ ოფიციალურ საქმიანობას რუსულ ლიტერატურულ წრეებში და მონაწილეობს მხოლოდ მეჯლისებში, ისიც საქველმოქმედო მიზნით.
1926 ქორწინდება აქსელ ბროკაზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინება. აგრძელებს კონფერენციების ჩატარებას, კარგავს სამსახურს სსრკ-ს საელჩოში და კვლავ მუშაობს ქსოვილზე.
1927 ილიაზდი იწყებს მუშაობას კოკო შანელთან მხატვრად. შემდეგ - 1933 წლამდე, ფაბრიკის დირექტორად. მის კონტრაქტს ხელს აწერს პოლ რევერდი, პოლ ირიბი კი ადმინისტრატორია, ხოლო ფრანსუა ვიქტორ-ჰიუგო - ტექნიკური დირექტორი. კოკო შანელი მას ერთ-ერთ შვილს მოუნათლავს. 
1929 წერს რომანებს, აკეთებს ჩანაწერებს. მათ შორისაა ავტობიოგრაფიული მონათხრობი 1917 წლის შემდგომი პერიოდის შესახებ: ”წერილები მორგან ფილიპ პრაისს” (თურქეთში გაცნობილ მეგობარს).
1930 წერს რომან ”ფილოსოფიას”, რომელიც ეძღვნება მის ცხოვრებას კონსტანტინოპოლში. პარიზში რუსულ ენაზე აქვეყნებს რომანს ”აღფრთოვანება”/
1931 პარიზში საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად აგროვებს ინფორმაციას კავკასიაში 1917 წლის ექსპედიციის შესახებ და ეკლესიის გეგმებს ხელახლა ხაზავს. ეს დოკუმენტები წარმოდგენილ იქნა პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში ბიზანტიური ხელოვნების გამოფენაზე.
1933 ესპანეთში მყოფ თავის ოჯახთან ჩასასვლელად ილიაზდი ფეხით გადაკვეთს პირინეებს, შეისწავლის კატალონიურ ეკლესიებსა და სამრეკლოებს, შეადარებს მათ ქართულ ეკლესიებს. დაბრუნებისას კი პარიზში ატარებს კონფერენციას, რომლის თემაა ქართველებისა და ესპანელების მსგავსება. 
1936 სომხურ ჟურნალში ”ხელოვნება და ცხოვრება” აქვეყნებს სტატიების სერიას ”საქართველოს მრავალაფსიდიანი ნაგებობანი”, თანამშრომლობს ქსოვილების ფირმებთან.
1937 ილიაზდი ხვდება მარინეტის აპოლინერის საფლავთან გამართული ღონისძიების დროს.იწყებს კვლევას - თურქეთი XVI საუკუნეში. 
1938 ილიაზდი ბინავდება პარიზში, მაზარინის ქუჩაზე, სახელოსნოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება.
1940 აქვეყნებს Афат-ს, კლასიკური სონეტების კრებულს რუსულ ენაზე, რომელიც ილუსტრირებულია პიკასოს ექვსი გრავიურით.
1941 აქვეყნებს ”რაჰელს”, ორ სონეტს რუსულ ენაზე,ი;უსტრირებულს სიურვაჟის მიერ ხეზე გრავირებით. მალევე გამოდის ამ სონეტების ფრანგული თარგმანი, რომელსაც ასწორებს ელუარი. 
1942 გაშორდება მეუღლეს და ცოლად ნიგეიელ პრინცესა იბირონკე აკინსემოინს შეირთავს. მისგან ვაჟი - შალვა შეეძინება. ინტერესდება აფრიკითა და ბენინით და მათ უძღვნის ბიბლიოგრაფიულ გამოკვლევებს.
1944 თავის მეგობარ თავად გლებ ერისთავს მიანდობს ესპანეთის ომის შთაგონებით შექმნილი პოემა ”ბრიგადელის” გაფორმებას.
1945 მაღალი მოდის სახლებისთვის მუშაობს ფრანსუა ვიქტორ-ჰიუგოსთან, დიდი მწერლის შთამომავალთან. ეს თანამშრომლობა ორი წელი გაგრძელდება. გარდაეცვლება მეუღლე საკონცეტრაციო ბანაკში ყოფნისას დაავადების გამო.
1946 ილიაზდი პერიოდულად საფრანგეთის სამხრეთში ცხოვრობს, სადაც ხშირად ხვდება პიკასოს. მას კერამიკა გაიტაცებს. პარიზში დაბრუნებული ატარებს კონფერენციას ”ფუტურიზმის ოცი წელი”, რომელიც ახლადდაბადებული ლეტრიზმის მიმდევრების მკვეთრ რეაქციას იწვევს. 
1947 პარიზში ატარებს კონფერენციას ლეტრისტების საპასუხოდ: ”ჩვენს შემდეგ ლეტრიზმი”, რაც გადაიზრდება ხელჩართულ მრძოლაში. ილიაზდი აწარმოებს მწვავე პოლემიკას ლეტრისტების მიმდინარეობის მეთაურ ისიდორ ისუსთან.
1948 მონაწილეობს ბიზანტინისტთა ორ საერთაშორისო კონგრესში: ერთში მოხსენებით - ”კონსტანტინოპოლში წმინდა სოფიიდ მიმდებარე უცნობი ეკლესია” და მეორეში - ”ბოლზანოს ურბანი ან მილანის ანონიმი”. ქმნის კერამიკულ ნაკეთობებს ვლორისში, სადაც 1 ოქტომბერს ჩაატარებს კონფერენციას ”ილიაზდი, ახალი ალექსანდრე, გახსნის კერამიკის გორდიასის კვანძს”. ამ კონფერენციას პიკასოც ესწრება.
19 დეკემბერს პარიზში ატარებს კონფერენციას ”უძველესი ქართველები”. გამოსცემს თავის ნაწარმოებს - ”წერილს” პიკასოს  ილუსტრაციებით. 
1949 შეადგენს და გამოსცემს ”პოეზია ამოუცნობი სიტყვებისა”, 1912-1932 წლებში შექმნილი ფონეტიკური პოეზიისა და ზაუმური ტექსტების ანთოლოგიას. მასში იგი ამტკიცებს,რომ ფუტურისტული და დადაისტური კვლევები უსწრებს ლეტრიზმს. 
1950 ილიაზდი აღმოაჩენს XVI საუკუნის უცნობ ნაწარმოებს და დაადგენს მისი ავტორის სახელს - ადრიან დე მონლიუკი, გიიომ დე ვოს ფსევდონიმით.
1952 გამოსცემს ადრიან დე მონლიუკის (1630) ”გამხდარს” პიკასოს მშრალი ნემსით შესრულებული ილუსტრაციების თანხლებით.
1953 გამოსცემს ჟ.-ფ. დე ბუასიერის ”ბალეტის ტრაქტატს” მატი-ლორ დე ნოაის გრავიურებით.
1954-1955 ილიაზდი მარსელ დიუშანის შეკვეთით ამზადებს ”მუყაოს ჩემოდნის” ეგზემპლიარებს.
1956 ილიაზდი გამოსცემს ლუდოვიკო XIII-ის კარის პოეტის, რენე ბორდიერის ”ჩრდილოეთისა და ცივი მხარეების” მოთხრობებს, ოტინგენის ბარონ როკ გრეის ”შუაღამის ცხენებს”. ამ წიგნს ახლავს პიკასოს ილუსტრაციები.
1958 ილიაზდის მიერ გამოემული ლუსიენ შელერის ”ხელშეუხებელი ნაპრალისთვის” პიკასო ასრულებს ელუარის პორტრეტის გრავიურას. 
1959 ილია გამოსცემს XVI საუკუნის ანონიმი ავტორის ”მათხოვარი ძმის სწავლების” წიგნს პიკასოს ილუსტრაციებით.
1960 ჟაკ ვიონის ოფორტებით ილუსტრირებულია ილია ზდანევიჩის მიერ გამოცემული ანდრე დიუბუშეს ”გადავადება”.
1961 ილიაზდი გამოსცემს გერმანელი დადაისტის - რაულ ოსმანის პოემებს, ასევე, თავის თოთხმეტ სონეტს რუსულ ენაზე - ”უტყვი განაჩენი”. ყდა ჟორჟ ბრაკის ნახატით არის ილუსტრირებული. წიგნში კი ჯაკომეტის მიერ შესრულებული ილიზდის პორტრეტია.
1962 ”ცნობილი ორბანდალის თორმეტი პორტრეტის” ილიასეული გამოცემა (ილიაზდის პორტრეტები) შეასრულა ალბერტო ჯაკომეტიმ.
1963 ილიაზდი მოგზაურობს ემპელისა დამონლიუკის მარშრუტით საფრნგეთის სამხრეთ-დასავლეთსა და იტალიაში.
1964 გამოსცემს ”65 მაქსიმილიანა ან ასტრონომიის უკანონო გამოყენება” მაქს ერნსტის ტექსტითა და ოფორტებით, სადაც ის ასტრონომ გიომ ტემპელის ცხოვრებას აღწერს. ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა და სახელი - 65 მაქსიმილიანა - უწოდა პლანეტას, რომელსაც მოგვიანებით სახელი  შეუცვალეს მისმა მოძულე გერმანელმა ასტრონომებმა და დაარქვეს ”სიბელი”. ნაშრომს ერთვის ბუკლეტი ”აღქმის ხელოვნება გიიომ ტემპელისა”.
1965 მონაწილეობს პოეტ-დადაისტის, რიბემონ დესენისადმი მიძღვნილ საღამოში და მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოგზაურობს კრეტაზე კისამოსის ეკლესიის მოსაძიებლად, რომელსაც პოულობს,  აღნუსხავს და ასრულებს მის გეგმას. გამოსცემს ელუარის პოემას ”ეჭვი” მიშელ გინოს ილუსტრაციებით. 
1966 ილიაზდი მასპინძლობს პარიზში თავის ძმას - კირილეს 1966 წლისნოემბრიდან 1967 წლის იანვრამდე. ოქსფორდის ბიზანტიური კვლევების კონგრესზე კითხულობს მოხსენებას ”კისამოსის ტაძარი კრეტაზე”. ურიგებს კონგრესისტებს თავის მოხსენებას - ”რუი გონსალეს დე კლავიოს მოგზაურობა საქართველოში და საათაბაგოს საზღვრისპირა ეკლესიები”, რათა მათაც გააცნოს თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების ნგრევის საგანგაშო მდგომარეობა.
1967 ხვდება მარკ შაგალს, რომელსაც 1913 წლიდან იცნობს მაეტის ფონდში გამართულ მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნის დღესასწაულზე. შაგალი ირონიულად პირდება ილიაზდს, რომ მასთან ერთადშექმნის წიგნს, როცა 100 წელი შეუსრულდება.
1968 ილიაზდი ცოლად ირთავს ელენ დუარს ვალორისში. მისი მოწმეები არიან პიკასო, რომელსაც მეუღლე - ჟაკლინი წარმოადგენს და ჟორჟ რიბემონ დესენი. ვენეციური ცივილიზაციისა და XV საუკუნის დასასრულის აღორძინებისადმი მიძღვნილ კონგრესს ილიაზდი უგზავნის ტექსტს: ”ქართველები დიდ ბატონსა და სოფის შორის გამართულ ომში, გადმოცემული ვენეციელი ჟამთააღმწერლის მიერ, 1514”.
1969 სსრკ პარიზში აწყობს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას, სადაც ილიაზდი ნახავს მის კუთვნილ 60 ტილოს. ილიაზდმა გამოსცა თავისი ნაშრომი ”როჟელიო ლაკურიერი, სპილენძის მეთევზე”, რომელიც მან მიუძღვნა ამ ცნობილ გრავიორ-მჭედავს. ილუსტრაციები შექმნეს ლაკურიერის მეგობარმა მხატვრებმა.
1971 გამოდის ილიაზდის პოემა ”ბუსტროფედონი სარკეში” რიბემონ დესენის ილუსტრაციებით.
1972 ილიაზდი გამოსცემს ”ფიროსმანაშვილი - 1914”-ს, რომელშიც შედის ილიაზდის მიერ 1914 წელს თბილისში დაბეჭდილი სტატიის თარგმანი და ტექსტი ”60 წლის შემდეგ”, გაფორმებული პიკასოს მშრალი ნემსით შესრულებული ფიროსმანის პორტრეტით.
1973 გარდაიცვალა პაბლო პიკასო.
1974 ილიას მიერ გამოცემულ ადრიან მონლიუკის ”სასაცილო კურტიზანს” მხატვრულად აფორმებს ხუან მირო.
1974 წლის 21 აპრილი - პარიზში, ”დარიალის” გალერეაში, ილიაზდის მეგობრები აღნიშნავენ მის 80 წლის იუბილეს.
1975 ილიაზდი ხვდება მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი გამოფენის გამო პარიზში ჩამოსულ ლილი ბრიკს (ლილი ბრიკი, მაიაკოვსკის მეგობარი, ელზა ტრიოლეს და და არაგონის მეუღლე).
1975 წლის შობა - ილიაზდი გარდაიცვალა საკუთარ სახლში 82 წლის ასაკში.