მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძებენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევა
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები კირილე ზდანევიჩი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

კირილე ზდანევიჩი (1892 – 1969)

ქართველი მოდერნისტი - გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ქართულ-რუსული ე. წ. კუბო-ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ‘ორკესტრული ფერწერის’ შემქნელი, რაც ილია ზდანევიჩის “ვსიოჩესტვოს” კონცეფციის ვიზუალური ნაირსახეობაა მხატვრობაში.

დაიბადა 1892 წელს საქართველოში, კოჯორში. მამა წარმოშობით პოლონელი იყო, დედა კი, გამრეკლიძის ქალი, უძველეს ქართულ წარჩინებულ გვართა შთამომავალი.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობს ი. ფოგელისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსებზე.

1911-1918 წლებში სწავლობს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.

1912 წელს ხდება რუსეთის მხატვართა ჯგუფის “ოსლინი ხვოსტ”-ის (Ослинний Хвост) წევრი და მონაწილეობს მის ე. წ. ნეოპრიმიტივისტულ გამოფენებში მხატვრებთან მიხეილ ლარიონოვთან, ნატალია გონჩაროვასთან, ვლადიმერ ტატლინთან, კაზიმირ მალევიჩთან და სხვებთან ერთად.

1912 წელს არდადაგებზე სამშობლოში ყოფნის დროს ძმასთან, ილია ზდანევიჩთან და მიხეილ ლე-დანტიუსთან ერთად თბილისში ნიკო ფიროსმანიშვილის მხატვრობას აღმოაჩენს და მისი ნამუშევრების შეგროვებას იწყებს, რომელსაც შემდგომ საჩუქრად გადასცემს თბილისის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს და რომელზეც მონაგრაფიასაც დასწერს.

1913 წელს მ. ლარიონოვის ჯგუფთან - გონჩაროვასთან, მალევიჩთან, შაგალთან, შევჩენკოსთან, ლე-დანტიუსთან ერთად, მონაწილეობს გამოფენაში “მიშენ” (Мишень). ამ გამოფენაზე ძმები ზდანევიჩებისა და ლე-დანტიუს მიერ პირველად იყო ექსპონირებული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები. გამოფენას წინ უძღოდა დისპუტი თემაზე “აღმოსავლეთი, ეროვნულობა და დასავლეთი,” რომელზედაც ილია ზდანევიჩმა პირველად წარმოადგინა თავისი კონცეფცია “ვსიოჩესტვო.”

1913 წელს მიემგზავრება პარიზში. ალექსანდრე არხიპენკოს ატელიეში აწყობს გამოფენას.

1914 წელს გაწვეულია I მსოფლიო ომში ოფიცრად გერმანიის ფრონტზე.

1917 წელს დემობილიზირებულია და ბრუნდება თბილისში, რომელიც ამ წლებისთვის იქცევა ავანგარდული ექსპერიმენტების ცენტრად.

1918 წელს თბილისში იხსნება მისი პერსონალური გამოფენა, საქართველოში მემარცხენე ხელოვნების პირველი მნიშვნელოვანი დეკლარაცია.

ძმასთან, ილია ზდანევიჩთან ერთად ხდება ე. წ. მემარცხენე ფუტურიზმის ერთ-ერთი ლიდერი. ძმები ზდანევიჩები, პოეტები იური დეგენი, კოლაუ ჩერნიავსკი, ყარა-დარვიში, მხატვრები ლადო გუდიაშვილი, ზიგა ვალიშევსკი, იმ ხანად დამოუკიდებელ საქართველოში რევოლუციურ რუსეთს და I მსოფლიო ომს თავშეფარებული ალექსეი კრუჩონიხი, იგორ ტერენტიევი, აარსებენ “ფუტურისტულ სინდიკატს.” აშკარაა მათი ინტერესი ფოლკლორისადმი და პრიმიტივისადმი, რაც გარკვეულწილად აახლოვებს მათ მოსკოვურ “ოსლინი ხვოსტ”-თან.

1919 წელს “სინდიკატი” იშლება და არსდება ახალი ჯგუფი “41°”. ჯგუფის სახელწოდება თბილისის გეოგრაფიული განედის მიხედვითაა შერჩეული.

“41°”-ის ჯგუფის ლიდერები არიან “ვსიოჩესტვოს” თეორიის ავტორი და იდეოლოგი ილია ზდანევიჩი ზაუმის შემქმნელ კრუჩონიხთან და ტერენტიევთან ერთად. ჯგუფში ერთიანდება “ორკესტრული ფერწერის” ფუძემდებელი კირილ ზდანევიჩიც. ჯგუფი აფუძნებს გაზეთს “41°”.

ზდანევიჩი მონაწილეობს არტისტული კაფეების “ფანტასტიკური სამიკიტნო” და “არგონავტთა ნავი” არტისტულ საღამოებში, ჯგუფის მიერ დაარსებულ “ფუტურვსეუჩბიშჩეს” (футурвсеучбище) ლექციებში. ლადო გუდიაშვილთან, ალექსეი პეტროკოვსკისთან, იური დეგენთან და ილია ზდანევიჩთან ერთად იღებს მონაწილეობას “ფანტასტიკური სამიკიტნოს” მოხატვაში. იმ პერიოდშივე მუშაობს არტისტული კაფეს “არგონავტთა ნავის” მოხატვაზეც.

(თბილისში “41°” იარსებებს 1920 წლამდე. შემდგომ, 1921 წლიდან მისი სახელით ილია ზდანევიჩი პარიზში გამოდის.)

კირილ ზდანევიჩი საქართველოში ე. წ. არტისტული წიგნის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ზაუმის პოეტებთან ერთად მის მიერ შექმნილ წიგნებს ჯერ-ჯერობით “ფუტურისტულ წიგნებად” მოიხსენიებენ, რაც ძალზე პირობითია.

1917 წლიდან იწყება კირილ ზდანევიჩის რადიკალური ე. წ. კუბო-ფუტურისტული (კორნეი ჩუკოვსკის 1913 წელს გაცხადებული ტერმინი), ექსპერიმენტები წიგნის დიზაინში და ტიპოგრაფიაში. თანამშრომლობს რა ზაუმის პოეტებთან, იგი ქმნის მათი წიგნების ერთიან გარშემოწერილობას, ფორმატს, ნახატს ტექსტისათვის და ხშირად მუშაობს თავად ტექსტის კალიგრაფიაზე. მისი გრაფიკული, ლითოგრაფიული ექსპერიმენტები ვიზუალური პარალელებია ზაუმის ექსპერიმენტული პოეზიისა – საგნის მაქსიმალური ტრანსფორმაცია, სიბრტყისა და ფაქტურის მნიშვნელოვნება, მაქსიმალური პლასტიკურობით გამოსახულების ფორმის არა როგორც ‘აღმნიშვნელის,’ არამედ ‘აღნიშნულის’ ფუნქციით დატვირთვა და ამისათვის სხვადასხვა ხერხებისა და საშუალებების, ნებისმიერი მხატვრული მეთოდისა თუ მიმართულების თავისუფალი გამოყენება. (იხ. სერგეი კრუჩონიხისა და ელი ეგანბიურის (ილია ზდანევიჩის) ტექსტი კირილე ზდანევიჩის თბილისის 1917 წლის გამოფენის კატალოგში). ამიტომაა რომ იგი თავისუფლად ერთვება ფიგურული ლექსის გრაფიკულ გამოსახვაში, ქმნის კალიგრაფიულ კომპოზიციებსაც.

1921-23 წლებში მუშაობს კონსტანტინოპოლსა და პარიზში. შემდეგ ბრუნდება თბილისში. საქართველოს ანექსიისა და გასაბჭოების შემდეგ უიმედოდ ელის რა ვიზას საფრანგეთიდან, რომელსაც მხოლოდ 1960-იან წლებში მიიღებს, (იხ. მისი მიმოწერა ძმასთან რეჟის გეიროს გამოცემაში), 1922-36 წლებში იწყებს მუშაობას თეატრის მხატვრად. მუშაობს საოპერო თეატრში, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში. მუშაობს სცენის დიზაინერად, და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თეატრალური კოსტიუმის დიზაინერად. თეატრალური კოსტიუმის დიზაინი, როგორც გრაფიკის ხელოვნების დამოუკიდებელი ჟანრი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა კირილ ზდანევიჩის შემოქმედებაში. ამ ჟანრში იგი ჯერ კიდევ 1914 წელს იწყებს მუშაობას, მაგრამ 1922 წლების ნამუშევრები, რომლებიც სპექტაკლებისთვის იქმნება ნამდვილ “კოსტუმის თეატრად” იქცევა.

1926-30 წლებში მიემგზავრება მოსკოვში და მუშაობს თეატრებში “თანამედროვე ბუფონადა”, “ბეჭდვის სახლი” და “მიუზიკჰოლი”. 1933 წლამდე მუშაობს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში და როგორც თავად ირონიულად სწერს ძმას, აქტიურად მონაწილეობს სსრკ-ს მშენებლობაში, აფორმებს რა სასოფლო სამეურნეო პავილიონებს, ქმნის მისთვის უზარმაზარ პანოებს ფოტომონტაჟის მეთოდით.

მაგრამ ეს მანამ, სანამ საბჭოთა კავშირში რეპრესიული პერიოდი დაიწყება და თითქმის მთელ მიწათმოქმედების კომისარიატს დააპატიმრებენ, ზოგს კი დახვრიტავენ როგორც მტრებს და კონრრევოლუციონერებს. იმ დროისათვის პოეტი იგორ ტერენტევიც დაპატიმრებულია და კარელიაშია გადასახლებული (იხ. მიმოწერა ძმასთან).