მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძებენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევა
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები დავით კაკაბაძე ბიოგრაფია
ბიოგრაფია

დავით კაკაბაძე (1889 - 1952)

მოდერნისტი მხატვარი – ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ექსპერიმენტატორი, უსათვალო სტერეო კინოს გამომგონებელი, ხელოვნების მკვლევარი და თეორეტიკოსი, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

დაიბადა 1889 წელს საქართველოში, სოფელ კუხში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობს პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ფიზიკა-მათემატიკის განხრით.

“ზუსტმა მეცნიერებებმა – მათემატიკამ, ფიზიკამ, ქიმიამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ... იქონიეს უდიდესი გავლენა მის შემოქმედებაზე,” წერს კირილ ზდანევიჩი.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად კაკაბაძე მუშაობს მხატვარ ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში.

1910 წლისთვის მუშაობას იწყებს ფოტოგრაფიაში.

1914 წელს ოთხი მხატვარი – კაკაბაძე, ფილონოვი, კირილოვი და ლასონ-სპიროვა აფუძნებენ საზოგადოებას “ფერმწერთა და მხატვართა ინტიმური სახელოსნო” (Интимная мастерская живописцев и рисовальщиков), აქვეყნებენ მანიფესტს “გაკეთებული სურათები” (Сделанные картины). ეს ახალგაზრდული მანიფესტი გამოხატავს მისი შემოქმედების ძირითად პრინციპს – სურათი უნდა იყოს გაკეთებული, დასრულებული, ყველაფერი შემთხვევითისგან განთავისუფლებული და დაცლილი. ამ პერიოდშივე იქმნება მისი ცნობილი ‘ავტოპორტრეტი სარკესთან’ და კუბისტური ‘ავტოპორტრეტი’

1916 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კაკაბაძე ბრუნდება საქართველოში. თბილისში სკოლაში ასწავის ფიზიკას და მათემატიკას და –

1917 წელს იწყებს მუშაობას იმერეთის პეიზაჟების სერიაზე; უკვე 1918 წელს კი შესრულებული აქვს ცნობილი ნამუშევრები ‘იმერეთის ნატურმორტი’, ‘იმერეთი-დედაჩემი’.

‘იმერეთი-დედაჩემი’ კაკაბაძის 1910-იანი წლების შემოქმედების სინთეზია, შესრულებული “გაკეთებული” სურათის პრინციპით (კ. ზდანევიჩი).

1919 წელს ლადო გუდიაშვილთან და სერგეი სუდეიკინთან ერთად ხატავს იმ ხანად უაღრესად პოპულარულ არტისტულ კაფეს “ქიმერიონი” (დღევანდელი რუსთაველის სახელობის თეატრის სარდაფში), მონაწილეობას იღებს არტისტული კაფეების “ფანტასტიკური სამიკიტნოსა” და “ფარშევანგის კუდის” მოხატვაში.

1919 წელს თავის ძმასთან, სარგის კაკაბაძესთან ერთად გამოსცემს არაპერიოდულ ინტერდისციპლინურ ჟურნალს “შვიდი მნათობი” ასეთი ქვე-განყოფილებებით: სიტყვა-კაზმული ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, პოლიტიკური მიმოხილვა, კოოპერაცია, სადავ ქვეყნდება მისი ტექსტები ხელოვნებაზე.

1919 წელსვე დ. კაკაბაძე პარიზს მიემგზავრება, სადაც 1927 წლამდე დაჰყოფს. პარიზის პერიოდს ეკუთვნის ყველა მისი ცნობილი სერია: “ბრეტანი” (1921 წ.), ფერწერული და გრაფიკული კუბისტური სერიები “პარიზი”(1920 წ.), “იალქნიანი ნავები” (1921 წ.), “აყვავებული ბაღის აბსტრაქტული ფორმები” (1921 წ.), ობიექტები ლინზებით და ლინზებით (1924 წ.), და სხვა.

1921 წლიდან 1927 წლის ჩათვლით მონაწილეობს პარიზში ‘დამოუკიდებელთა სალონის’ (Salon des indépendants) ყოველწლიურ გამოფენებში.

აქვეყნებს წიგნებს: “კონსტრუქციული სურათის შესახებ” ფრანგულად (1921 წ), “პარიზი 1920-1923” (1924 წ) და “ხელოვნება და სივრცე” (1925 წ) ქართულად. 1924-26 წლებში თანამშრომლობს ლეონ როზენბერგის Bulletin de L’effort Moderne-თან, სადაც ქვეყნდება მისი წერილები თანამედროვე ხელოვნების შესახებ: “Lart-L Espace,””Du Tableau Constructif,” “Deux Conceptions Spatiales (Orient et Occident).

1922 წელს დებს ხელშეკრულებას მ. მიულერთან და კ. კობახიძესთან “უსათვალო სტერეოკინომატიგრაფის” გამოგონებაზე. გამოგონების სრულყოფისათვის იქმნება სააქციო საზოგადოება 900 ათასი ფრანგული ფრანკის კაპიტალით. გამოგონების პარიზის ოპტიკის ინსტიტუტის წინაშე წარდგენის შემდეგ პატენტი მასზე შესყიდული იყო ამერიკის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ესპანეთისა და უნგრეთის მიერ.

1926 წელს Société Anonyme-ის დამფუძნებლები ქეთრინ დრაიერი, მარსელ დუშანი და მენ რეი ვასილი კანდინსკისთან, კურტ და ჰელენ შვიტერსებთან, ფერნან ლეჟესთან, ჰაინრიხ კამპენდონკსა და ანტონ ჟულიო ბრაგალიასთან თანამშრომლობით, ბრუკლინის მუზეუმში აწყობს თანამედროვე ხელოვნების დიდ საერთასორისო გამოფენას. ამ მიზნით დავით კაკაბაძის პარიზის სახელოსნოში Société Anonyme-მა, რომელიც ცნობილი იყო ასევე როგორც ‘ექსპერიმენტული მუზეუმი’, მისი ნამუშევრები შეიძინა, მათ შორის ქანდაკება ‘Z,’ რომელიც ამჯერად სხვა ნამუშევრებთან ერთად იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეიაში ინახება. გამოფენის მონაწილეთა შემდგენლობა შეგიძლიათ იხილოთ კანდინსკის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენის კატალოგში http://artgallery.yale.edu/socanon/, და ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ კატალოგის რამდენიმე ფურცელში.

ბრუკლინის მუზეუმის გამოფენა გაიხსნა 1926 წლის 19 ნოემბერს და დაიხურა 1927 წლის 1 იანვარს. ეს კი სწორედ ის საბედისწერო წელია, როდესაც კაკაბაძე გერმანიში, იატალიასა და საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში, უკვე 6 წლის ანექსირებულ და გასაბჭოებულ საქართველოში ბრუნდება. იმ ხანად ევროპაში უკვე ცნობილმა მხატვრებმა ხუან მირომ და პიიტ მონდრიანმა თავისი ამერიკული დებიუტი სწორედ ამ გამოფენით დაიწყეს. ეს იყო მათი, როგორც მხატვრების ინტერნაციონალიზაციის პერიოდი. 37 წლის კაკაბაძისთვის კი ეს გამოფენა ტრაგიკულად უკანასკნელი აღმოჩნდა. სწორედ 1927 წლიდან საქართველოში დაბრუნების შემდგომ იგი მოწყვეტილი აღმოჩნდა დასავლურ სახელოვნებო სამყაროს და ბუნებრივია, სრულიად დავიწყებულ იქნა.

1950 წელს იელის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ კოლექციის კატალოგში ქეთრინ დრაიერი მის შესახებ უკვე წარსულში სწერს, თუმცა კაკაბაძემ მას შემდეგ კიდევ ორი წელი იცოცხლა. უბრალოდ მის შესახებ უკვე არავინ აღარაფერი იცოდა.

იელის უნივერსიტეტის Société Anonyme-ის ვებ გვერდზე კაკაბაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: მისი ქადაკება ‘Z’ “გახდა Société Anonyme-ის სახე და იგი მთელი რიგი პუბლიკაციების გარეკანზე ჩნდებოდა... 1928 წელს კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა, სადაც მთავრობამ აბსტრაქტული ხელოვნება აკრძალა და მას მხოლოდ რეალისტური ნამუშევრების შექმნის უფლება დართეს. დღეს Z მისი ერთადერთი გადარჩენილი ქანდაკებაა.”

მართლაც, საქართველოში დაბრუნებისას 1928 წელს სასტუმრო ‘ორიენტში’ მოწყობილი პერსონალური გამოფენიდან მიღებული გამოცდილების შემდეგ იგი 1933 წლამდე არ ქმნის არც ერთ ნამუშევარს. თვით მხატვარმა ამ წლებს “დუმილის პერიოდი” უწოდა.

ამ პერიოდში ის თბილისის სამხატვრო აკადემიაში და კ. მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს. იწყებს მუშაობას კინოს მხატვრობაში – მიხეილ ჭიაურელის ფილმზე “საბა” (1929); მიხეილ კალატოზიშვილის ფილმებზე ‘სვანეთის მარილი’ და ფილმზე “უსინათლო,” (1930); მიხეილ ჭიაურელის ფილმზე “ხაბარდა” ლადო გუდიაშვილთან ერთად, (1931); ყველა ეს ფილმი შემდგომში აიკრძალა. დავით რონდელის ფილმზე “დაკარგული სამოთხე” (1937). 1929-1931 წლებში ის იწყებს თავად ფილმის გადაღებას - ‘საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები’, რომელიც იდეოლოგიურად არასაბჭოთად იყო მაშინვე შეფასებული და რომელიც დღემდე დაკარგულად ითვლება.

1940-იან წლებში ასრულებს ჯერ კიდევ პარიზში დაწყებულ ნაშრომს ქართული ორნამენტის შესახებ.

1930-იან წლებშივე მისი შემოქმედება, განსაკუთრებით კი პარიზული პერიოდის ნამუშევრები, ფორმალიზმად მიიჩნევა. იგი იძულებულია დათმობაზე წავიდეს და 1933 წელს ქმნის გრაფიკულ სერიას “რიონჰესი”, 1940-50-იან წლებში კი სურათებს ინდუსტრიალ თემაზე.

1943 წლიდან იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორია, ხოლო 1933-1942 წლებში სამხატვრო აკადემიის სასწავლო ნაწილი.

1948 წლის 12 ივნისის თბილისის სამხატვრო აკადემიისადმი გაიცემა ბრძანება იმის გამო, რომ მან “ვერ უზრუნველყო სტუდენტების სოციალისტური მეთოდი საფუძველზე აღზრდა 1948/49 სასწავლო წლიდან განთავისუფლდეს თავისი თანამდებობიდან.”

1952 წლის 10 მაისს დავით კაკაბაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.