მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა ბიოგრაფია
ბიოგრაფია
ალექსანდრე შერვაშიძე (1867-1968)

სცენოგრაფი, მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. 
მამით  - შერვაშიძეთა სამთავრობო სახლის შთამომავალი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის- გიორგი შერვაშიძის -შვილიშვილი, დედით - ფრანგი.

პეტერბურგში ვ. მეიერჰოლდისა და ნ. ევრეინოვის თეატრალური ექსპერიმენტების თანამონაწილეა, დიაგილევის თანამოაზრე -“რუსული ბალეტის” დადგმების განხორციელებისას. თანადროული თეატრალური კრიტიკა თვლის, რომ ამ სპექტაკლების ხარისხს მრავალწილად სწორედ ა. შერვაშიძის  სცენოგრაფია განაპირობებს. ფრანგულ ხელოვნებაზე მხატვრის წერილები დღესაც  აქტუალურად ითვლება. XX საუკუნის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა - მოცეკვავე და ქორეოგრაფი სერჟ ლიფარი. 1972 წელს ასე აფასებს მას: “დასავლეთის თეატრალურ-მხატვრული რევოლუციის თანამონაწილე”. სალვადორე დალი მას “ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტ წამომადგენელს” უწოდებს. მეგობრები თავადად, პრინცად მოიხსენებენ. 1910-იანი წლების ბოლოს თავის საგვარეულო მამულში - აფხაზეთში - ხანმოკლე ცხოვრებისას იგი ახალგაზრდობისა და ბაშვების განათლებაზე, სოხუმში თეატრის შექმნისათვის ზრუნავს. თავის შემოქმედებასაც - 500-მდე ნამუშევარს, რომელთაც ქართულ-აფხაზურად - შერვაშიძე-ჩაჩბად აწერდა ხელს, ანდერძით სამშობლოს - სოხუმს, აფხაზეთს, საქართველოს უტოვებს.  

მისი მამა - კონსტანტინე შერვაშიძე, რუსეთის არმიის ოფიცერი, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველ თავად-აზნაურთა 1932 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გადაასახლეს. 1866 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდეგ კი შერვაშიძეთა ოჯახს საერთოდ აეკრძალა სამშობლოში დაბრუნება. კონსტანტინე შერვაშიძე ყირიმში მკვიდრდება. იქ, ფეოდოსიაში, დაიბადა ალექსანდრე შერვაშიძე.  

განათლებას ა. შერვაშიძე ჯერ სახლში, შემდეგ ნიჟეგოროდის კადეთტა კორპუსსა და კიევის რეალურ სასწავლებელში ღებულობს. კიევშივე იწყებს ხატვას  პეტერბურგის ხელოვნებათა აკადეემიის ლაურეატებთან ი. სელეზნიოვსა და ა. პრახოვთან. 

1891 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლბელში ირიცხება თავისუფალ მსმენელად. 
1894 წელს ა. შერვაშიძე პარიზში მიემგზავრება, როგორც თავად მოგვიანებით აღნიშნავს ქალიშვილისადმი მიწერილ წერილში,  “ფერწერისა და, რაც მთავარია, ნახატის _ ხატვის _ შესასწავლად”. პარიზში ფერნან კორმონისა და ჟულიანის სახელოსნოებში განაგრძობს სწავლას. ეცნობა მუზეუმებში დაცულ ნამუშევრებსა და თანამედროვე ფრანგულ ხელოვნებას. ხატავს დაზგურ სურათებს, უმეტესად, პორტრეტებს: უცნობი ქალის პორტრეტი”, “მეუღლის პორტრეტი”, “ავტოპორტრეტი”. “მეგობრები”, “ღამე ახლოვდება”, “ბაღში’. ინტენსიური კავშირი აქვს პარიზის სახელოვნებო-ლიტერატურულ წრესთან; მეგობრობს რ. გილთან, ა. გოლსტეინთან, ა. ბენუასთან, ვ. სეროვთან, ა. ტოლსტოისთან, ნ. რერიხთან. ვ. ბრიუსოვთან, კ. ბალმონტთან. როგორც ჩანს, აქ ეყრება საფუძველი მის შემოქმედებით ინტერესებს, მეგობრობას “მირისკუსნიკებთან”, რაც შემდგომ მის სცენოგრაფიაში გამოვლინდება.  

1906 წლიდან პეტერბურგშია და ამ დროიდან იწყება ა. შერვაშიძის, როგორც თეატრის მხატვრისა და სცენოგრაფის შემოქმედება, რომელიც იმთავითვე “ახალი თეატრის” ექსპერიმენტებს, ჯერ ვ. მეიერჰოდს, მოგვიანებით - ნ. ევრეინოვსა და დიაგილევს უკავშირდება. ვ. მეიერჰოლდისა და ნ. ევრეინოვის “ახალი თეატრის” ტენდენციები - მაყურებლისა და ქმედების, დარბაზისა და სცენის გაერთიანება, ინტერესი შუა საუკუნეების თეატრალური ფორმების მიმართ - მის მიერ უკვე პირველი გაფორმებული წარმოდგენების სცენოგრაფიასა და კოსტუმებში ვლინდება: ვ. მეიერჰოდის “ტრისტანი და იზოლდა“ (მარინის თეატრი), “მასხარა ტანტრისი” (ალექსანდრეს თეატრი, 1910), ნ. ევრეინოვის მიერ ორგანიზებული “ძველი თეატრის” მეორე სეზონის (1911-1912) წარმოდგენები (სადაც ა. შერვაშიძე თანამშრომლობს “მირ ისკუსტვოს” წევრებთან - ნ. რერიხთან, ე.ლანსერესთან, ნ. კალმაკოვასთან). ამ ექსპერიმენტების წარმატებას თეატრალური პრესა მრავალწილად ა. შერვაშიძის სცენოგრაფიას მიაწერს.

ა. შერვაშიძე  პეტერბურგის სხვადასხვა თეატრებში 40-მდე სპექტაკლზე მუშაობს: “ფაუსტი” (II მოქმედება), “მირანდა” (ნ. კაზანლი), “ლურჯი წვერი” (ჟ. ოფენბახი), “პატარძალი” (გ. ჩულკოვი) - მარინის თეატრი, “”პროფესორი სტორიცინი” (ა. ტოლსტოი), “ვაი ჭკუისაგან” (ა. გრიბოედოვი) - ალექსანდრეს თეატრი, “ღვთისმოსავი მარტა” (“ძველი თეატრის” მეორე სეზონი). ხატავს “ძველი თეატრის” კედლებს ლანსერესა და რერიხთან ერთად. მისი ესკიზების მიხედვით შეკერილი კოსტუმებით “მოდის საღამოებზე” პეტერბურგის ცნობილი მსახიობები - კარსავინა, ფოკინა, ბარაში გამოდიან.
პეტერბურგში ა. შერვაშიძე დეკორაციის ერთ-ერთ საიმპერატორო სახელოსნოს ხელმძღვანელობს.  
 
პირველი მსოფლიო ომის დროს ომის მსხვეპლთა დასახმარებლად ხშირად ღებულობს მონაწილეობას საქველმოქმედო სარამოებსა და საიუბილეო სპექტაკლებში, გამოფენებსა და აუქციონებში. ამ დროს იბეჭდება მისი წერილები ფრანგულ და რუსულ ხელოვნებაზე ჟურნალებში “აპოლო”, “ზოლოტოე რუნო”, “მირ ისკუსტვო”, “ისკუსტვო”: “ფრანგული მხატვრობის ასი წელი”, “წერილი პარიზიდან. სალონები”, “საგაზაფხულო გამოფენა პარიზში”, “შემოდგომის სალონი”, სტატიები ვან გოგზე, სიორაზე, სეზანზე, ა. ბენუაზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი “ინდივიდუალიზმი და ტრადიცია” (1909 წ. “ზოლოტოე რუნო”) ა. შერვაშიძემ ა. ბენუას გახმაურებული სტატიის - “მხატვრული ერესის” - პასუხად გამოაქვეყნა.  ბენუასგან განსხვევებით (ინდივიდუალიზმი თუ ტრადიცია), ეს ორი ცნება მისთვის არა დაპირისპირებულად, არა კონფლიქტურად, არამედ ერთიანობაში მოიაზრება, რაც  არსებითად უკავშირდება მხატვრული ტრადიციისადმი ქართველ მოდერნისტთა მიერ ოდნავ მოგვიანებით გაცხადებულ დამოკიდებულებას.    

1918 წელს ა. შერვაშიძე სამშობლოში - სოხუმში - ბრუნდება. აქ იწყება მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის საქმიანობა: აქტიურად მონაწილეობს სოხუმის არტისტული საზოგადოების მუშაობაში, ხსნის თეატრალურ კურსებს, სადაც იმ ხანად სოხუმში მყოფ ვ. კამენსკისა და ნ. ევრეინოვთან ერთად ასწავლის; ახორციელებს რამდენიმე წარმოდგენას მოწაფეებთან ერთად; სოხუმის ქალთა გიმნაზიის შენობაში საბავშვო სტუდიას აარსებს; ხელმძღვანელობს ხატვის წრეს, კითხულობს ლექციებს ხელოვნების შესახებ საქართველოსა და  სამხრეთ კავკასიის ქალაქებში; ეწევა საგანმანათლებლო მუშაობას და ამ მიზნით ნიკო მარსაც უკავშირდება. 

პოლიტიკური ვითარების გამო ა. შერვაშიძე იძულებულია ჯერ ბათუმში და შემდეგ ყირიმში - ფეოდოსიაში  გაემგზავროს, სადაც მისი შვილები და ყოფილი მეუღლე იმყოფებიან. აქ ღებულობს მიწვევას ს. დიაგილევისგან, რომელიც იმ დროს ლონდონის კოვენტ-გარდენის თეატრში “რუსული ბალეტის” მეორე ანტერპრიზას მართავს. 1920 წელს ა. შერვაშიძე მეუღლესთან - ნ. ბუტკოვსკაიასთან ერთად ისევ მიემგზავრება ევროპაში და, ამჯერად, უკვე სამუდამოდ.
 
ლონდონში, პარიზსა თუ ნიუ იორკში იგი უმეტესად დიაგილევის დასთან მუშაობითაა დაკავებული (ჯერ თავად დიაგილევთან (1920-1929), შემდეგ მის მიმდევრებთან (1929-1948) თანამშრომლობს), მაგრამ დაზგურ ნამუშევრებსაც - პორტრეტებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს ასრულებს. 

პარიზში იგი პ. პიკასოს, ა. დერენს, ჟ. ბრაკს, ჟ. რუოს უმეგობრდება, რომელთა მონაწილეობა “რუსული ბალეტის” დადგმებში ამ მეგობრობის შედეგიც იყო. მათი ესკიზების სცენური განხორციელება ა. შერვაშიძის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ხდება. 1924 წელს ა. შერვაშიძე პიკასოს “ზღვის პირას მორბენალი ქალების” მიხედვით დარიუს მიეიოს “ლურჯი ექსპრესისთვის” თეატრალურ ფარდას მოხატავს (134 კვ.მ. ფარდა დღეს ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშია დაცული). 

ამ წლებში ქმნის დეკორაციისა და კოსტუმის ესკიზებს  ქორეოგრაფიული სპექტაკლებისთვის, რომელიც ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქში იდგმება: გ. ბერნერსის “ნეპტუნის ტრიუმფი” ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფიით (ლონდონი, კოვენტ-გარდენი, 1926 წ.), ლ. ბეთჰოვენის “პრომეთეოსი” (ქორეოგრაფი ლ. საფარი - (არიზი, 1932), პ. ჩაიკოვსკის “გედის ტბა” (ქორეოგრაფი პეტიპა - აშშ 1936-1944), ა. ონეგერისა და ა. ჩერეპნინის (ალექსანდრ ჩერეპნინი, ნიკოლოზ ჩერეპნინის, 1910-იანი წლების ბოლოს თბილისის კონსერვატორიის რექტორის, ვაჟია) “შოთა რუსთაველი” (ლიბრეტტო: ტ. ხარშანის (არსანი), ქორეოგრაფია: ნ. ევრეინოვისა და ს. ლიფარის - მონტე კარლო, 1946).   

თანამშრომლობს სხვა თეატრალურ დასებთანაც, აფორმებს სპექტაკლებს დამოუკიდებლად: ნ. გოგოლის “ქორწინება” და “რევიზორი” (ბრიუსელი, 1922), ნ. ევრეინოვის “მხიარული სიკვდილი” (პარიზი, 1922).

1921 წელს, პარიზში ა. შერვაშიძეს “მირ ისკუსტვოს” ხელახლა აღორძინებული გაერთიანების მხატვართა გამოფენის საპატიო თავმჯდომარედ ირჩევენ. 

მრავალრიცხოვანი დეკორაციისა და კოსტუმის ესკიზების, დაზგური ნამუშევრების გარდა, ა. შერვაშიძე წიგნის დიზაინზეც მუშაობს: აფორმებს ვ. კამენსკის წიგნის ყდას ნ. ევრეინოვზე, მ. ვოლოშინის კრებულს “დემონები და ყრუ-მუნჯები”, თანამედროვე რუს პროზაიკოსთა ავტობიოგრაფიებს, ქმნის რუსული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციებს. 

1958 წელს, უკვე ღრმად მოხუცებული, ქალიშვილს წერს სოხუმში: “... მხოლოდ სამუშაოზე ვფიქრობდი, ძალიან ცოტას _ საკუთარ თავზე. როდესაც ჩემი, როგორც დეკორატორის კარიერა დასრულდა, სრულიად უსახსროდ დავრჩი...”. მაინც, თავის დარჩენილ ქონებას - ნამუშევრებს - სამშობლოში აგზავნის და იმედი აქვს, რომ თავადაც მიეცემა დაბრუნების უფლება. 
ა. შერვაშიძე 1968 წელს მონაკოში, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. დაიკრძალა ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი საქართველოში - სოხუმში გადმოასვენეს. 

“ჩვენი ხელოვნების მთელი ისტორია, - წერდა იგი, - არის პიროვნების, ანუ, ინდივიდუალიზმის პრინციპის ბრძოლა რთულადგასაგებ ტრადიციასთან, განახლების პრინციპისა - კოლექტივიზმის შეუწყნარებელ კონსერვატიზმთან... პიროვნება, შესაბამისად, ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხელოვნებაში, როგორც ტრადიცია... ტრადიცია იმ გზას მიუთითებს, რომელსაც უნდა მისდიო; იგი ხალხის ნებისა და სურვილის გამომხატველია. პიროვნება მას ფორმას აძლევს. იგი ინახავს ტრადიციას. ტრადიცია პიროვნებაზე გავლით ცოცხლობს”.