მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ელენე ახვლედიანი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

ელენე ახვლედიანი (1901-1975)

მოდერნისტი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. ურბანული პეიზაჟის ჟანრის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი.

დაიბადა საქართველოში, თელავში 1901წ.

ხატვას სწავლობს თბილისში ნ. სკლიფასოვსკის სამხატვრო სტუდიაში . მოგზაურობს მოსკოვში, სადაც მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვრუბელის მხატვრობა ახდენს.

1919 წელს უკვე მონაწილეობს ქართველ მხატვართა გამოფენაში.

1921 წელს სწავლას განაგრძობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ გ. გაბაშვილის კლასში, 1922 წელს კი სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება იტალიაში. ნახევარი წელი მოგზაურობს რომში, მილანში, ფლოენციასა და ვენეციაში.

1924 წელს კი პარიზში იწყებს სწავლას კოლოროსის “თავისუფალ აკადემიაში”.

პარიზში ყოფნისას ყალიბდება მისი შემოქმედების ძირითადი თემა – ურბანული პეიზაჟი. ქმნის პარიზის ხედების მთელ სერიას. პარიზშივე იქმნება დღემდე ნაკლებად ცნობილი ნიუს დიდი გრაფიკული სერია. ამ თემას ის შემდგომ, საბჭოთა საქართველოში, ბუნებრივია, აღარ მიბრუნებია.

პარიზში ის საკმაოდ წარმატებულია. კოლექციონერები და მხატვრები, მათ შორის თავად პოლ სინიაკი, იძენენ მის ფერწერულ პეიზაჟებს.

მონაწილეობს “პარიზის დამოუკიდებელთა სალონისა და “საშემოდგომო სალონის გამოფენებში. აწყობს პერსონალურ გამოფენებს გალერეა “Quatre Chemin”-ში.

1926-1927 წლებში მიწვეულია ჰოლანდიაში გამოფენის გასაკეთებლად, მაგრამ ახვლედიანი მხოლოდ ნამუშევრებს აგზავნის, თავად კი 1927 წელს ბრუნდება საქართველოში.

თბილისში დაბრუნების შემდეგ მას კოტე მარჯანიშვილი, თეატრის რეჟისორი იწვევს თეატრში სამუშაოდ. ახვლედიანისთვის თეატრის მხატვრობა ერთ-ერთი მნიშვნელვანი სფერო ხდება. 1928-1941 წლებში იგი სხვადასხვა თეატრში 20-მდე სპექტაკლს აფორმებს.

მუშაობს წიგნის გრაფიკაშიც.

თუმცა ის პეიზაჟისტად, ურბანული პეიზაჟის შემქმნელად რჩება. პარიზის ხედების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, აგრძელებს რა ამ ჟანრში მუშაობას, ქმნის თბილისის, თელავის, ქუთაისის მრავალრიცხოვან ხედებს. მაგრამ მის შემოქმედებაში თბილისს იმდენად დიდი ადგილი უკავია, რომ პროფესიონალებსა და მოყვარულებში მისი ხელოვნება ყოველთვის სწორედ თბილისთან ასოცირდება.

ამ თემამ ახვლედიანთან ათწლეულების მანძილზე, 1920-იანი წლებიდან 1970-მდე, გარკვეული ტრანსფორმაციები განიცადა, და ეს გასაგებია, რამდენადაც საბჭოთა ხელოვნება ყველა დარგს და ჟანრს თავის მოთხოვნებს უყენებდა.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ 1920-იან წლებში შექმნილი პარიზის უბნები და 1920-იანი წლების მეორე ნახევრის თბილისის კუთხეები განსაკუთრებულად გამორჩეულია მის შემოქმედებაში.

მოდერნისტი ელენე ახვლედიანი ევროპაში რომ დარჩენილიყო, ალბათ, პარიზული სკოლის წარმომადგენელი გახდებოდა. მისი “უტრილოსეული” პეიზაჟები მოგვითხრობენ, რომ ის არასოდეს ყოფილა მემარცხენე არტისტი, შორს იყო ავანგარდული ხელოვნების რადიკალიზმისგან;

პირიქით, პარიზული სკოლის წარმომადგენლების მსგავსად მას ხელოვნებაში ერთი მხრივ პერსონალური ისტორია შემოაქვს (პარიზის პეიზაჟების გარდა ეს ჩანს მის პარიზის პერიოდის ნიუს სერიაში), მეორე მხრივ, ხელოვნების ერთგვარ “მარადიულობის” იდეას ამკვიდრებს. “დაწყევლილი ფერმწერლებივით” (“Peintres Maudits”), მისთვის ყოველდღიური და ჩვეულებრივი ურბანული გარემოა ფასეული, პარიზის ის ინტიმური, მისი პერსონალური თვალით დანახული, თუმცა იმავდროულად თითქოს აბსოლუტური და გამნიშვნელოვანებული ის უბანი, ის ადგილი, ის გზა, სადაც მიედინება მისი ცხოვრება.